ახალი ამბები

12 აპრილი, 2013

დღეს 12 აპრილს გაიმართა პირველი ონლაინ შეხვედრა. ჩართვა განხორციელდა მთელ საქართველოში 100-ზე მეტი ადგილიდან (თბილისი, წალენჯიხა, ჯვარი, ქუთაისი, ქობულეთი, ხაშური, პატარძეული, ზესტაფონი და ა.შ.), რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დირექტორები, მასწავლებლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგნენლები და პროექტში ჩართული პარტნიორები.

ინტერნეტ ჩართვა მიმდინარეობდა სპეციალური ტექნოლოგიის Microsoft Lync-ის გამოყენებით ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს კონკურსის პირობებთან, სწავლა/სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ორგანიზატორები პრეზენტაციის პარალელურად პასუხობდნენ. შემაჯამებელი კითხვა-პასუხი და შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდება კონკურსის საინფორმაციო ვებ-მისამართზე.

შემდეგი ინტერნეტ კონსულტაცია დაგეგმილია 17 აპრილს, 15:00 საათზე.
 
28 მარტი, 2013
საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში - 2013
 
მაიქროსოფთ საქართველო, ინტელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და  „მასწავლებელთა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტი, ბრიტანეთის საბჭო საქართველოში და Innovative Systems Management აცხადებენ მასწავლებელთა კონკურსს „საქართველოს ფორუმი - პარტნიორები განათლებაში 2013“ (Microsoft Partners in Learning Georgian Forum 2013). კონკურსი საქართველოში მეოთხედ ტარდება  და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
 
კონკურსის ამოცანებია მასწავლებლების მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მასწავლებლებს შორის კოლაბორაციის და კომუნიკაციის ხელშეწყობა, სწავლა/სწავლების ინოვაციური პრაქტიკების გამოვლენა-გაზიარება.
 
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ნებისმიერ მასწავლებელს.
 
კონკურსში მონაწილეობა გულისხმობს მასწავლებლის მიერ (ინდივიდუალურად ან თანაავტორებთან ერთად) სკოლაში განხორციელებული პროექტის პრეზენტირებას ეროვნული სასწავლო გეგმის, მოცემული პირობებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
 
პროექტების მიღება დაიწყება 2013 წლის 29 მარტს და დასრულდება 19 მაისს. ფინალისტები მონაწილეობას მიიღებენ კონფერენცია-ფორუმში, რომელიც გაიმართება თბილისში 18-20 ივნისს და მათ გადაეცემათ სერტიფიკატები. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით (ულტრაბუქი, ნეთბუქი, სმარტფონი).
 
პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული მასწავლებლები, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ამ კონკურსში,  მოიპოვებენ სქემით გათვალისწინებულ კრედიტებს განხორციელებული პროექტისთვის, კონფერენციაში მონაწილეობისთვის.
 
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფორუმის ვებ-გვერდზე - pilforum2013.k12.ge